თავისუფალი ჟურნალისტიკა: ჩეხური გამოცდილება


2000 წლის დეკემბერში პრაღის ქუჩები, 1989 წლის ”ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ პირველად, კვლავ გახდა მრავალათასიანი საპროტესტო მშვიდობიანი მიტინგების მომსწრე. ისევე როგორც 1989 წლის დეკემბერში, დემონსტრანტები ამჟამადაც მოითხოვდნენ სიტყვის თავისუფლებასა და დიქტატის დასასრულს და ამ ყველაფრის მიზეზი ჩეხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიის ხელმძღვანელი ორგანოს – სამაუწყებლო საბჭოს გადაწყვეტილება იქცა, რომელმაც, გაათავისუფლა ტელევიზიის გენერალური დირექტორი დუშან ხმელიჩეკი და 2000 წლის 20 დეკემბერს მის ნაცვლად ჟირი ხოდაჩი დანიშნა.

ხოდაჩი ხმელიჩეკის დროს უკვე მუშაობდა ჩეხეთის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსად, მაგრამ იძულებული გახდა წასულიყო ტელევიზიიდან მას შემდეგ, რაც ორი პოლიტიკური ლიდერის, იმჟამინდელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრების: ზემანის და კლაუსუს ”რჩევით”, კვირის პოლიტიკური გადაცემის წამყვანი სამსახურიდან დაითხოვა – პოლიტიკოსებს ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვები და გადაცემის წაყვანის მანერა არ მოეწონათ.

(უნდა ითქვას, რომ თავად საზოგადოებრივი ტელევიზიის სამაუწყებლო საბჭოც, ერთი წევრის გარდა, ამავე პარტიების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული: კანონის თანახმად საბჭოს ჩეხეთის სენატი ამტკიცებს).

ჟირი ხოდაჩის ხელახალი დაბრუნება ტელევიზიაში, ამჯერად უკვე გენდირექტორის პოსტზე, ჟურნალისტთა დიდმა ნაწილმა აღიქვა როგორც თავისუფალი სიტყვის და ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა და უარი თქვა დამორჩილებოდა მას, იმ მოტივით რომ, პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ხოდაჩი, ვერ უზრუნველყოფდა ტელევიზიის მიუკერძოებელ მუშაობას. ახალი დირექტორის პირველი ნაბიჯებიც სწორედ ამას მეტყველებდა – ხოდაჩმა საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად სახალხო დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვაცლავ კლაუსისუსის მრჩეველი დანიშნა.

პროტესტის ნიშნად ჟურნალისტებმა ჩეხეთის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვება 2 წუთით შეწყვიტეს. პასუხად, ახალმა დირექტორმა 20-მდე ჟურნალისტი და ტელევიზიის აღმასრულებელი კომიტეტის 4 წევრი სამსახურიდან დაითხოვა, მაგრამ ჟურნალისტებმა უარი თქვეს ტელევიზიის შენობის დატოვებაზე – ისინი რჩებოდნენ რედაქციაში და ეთერშიც გადიოდნენ. ფაქტობრივად, მაყურებლებს საშუალება ქონდათ ორი საინფორმაციო გამოშვებისთვის ედევნებინათ თვალი – ერთს ამზადებდნენ გათავისუფლებული ჟურნალისტები, მეორეს კი – ახალი დირექტორის მიერ მიყვანილი გუნდი.

ჟირი ხოდაჩმა პოლიციას მოთხოვა ჩარეულიყო და ტელევიზიის ნორმალური მუშაობა აღედგინა. პასუხად, პრაღის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ”პოლიცია რომელიმე უწყების დაცვის კერძო სააგენტო არ არის, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი ადამინების სიცოცხლეს და უსაფრთხოებას ნამდვილად დაემუქრება საშიშროება, ის კანონის თანახმად იმოქმედებს”.
ამის შემდეგ ჩეხეთის ტელევიზიის 1000-ზე მეტმა ჟურნალისტმა ხელი მოაწერა ტელევიზიის საბჭოსადმი მიმართულ პეტიციას ჟირი ხოდაჩის გათავისუფლების მოთხოვნით.

ჟურნალისტთა მოთხოვნებს საზოგადოების დიდი ნაწილიც შეუერთდა. პრაღის ქუჩები ჟურნალისტთა მხარდამჭერმა დემონსტრაციებმა მოიცვა. 3 იანვარს ვენცელის მოედანზე 100’000 მეტი ადამიანი გამოვიდა. ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ ჰაველმა აგრეთვე მახარი დაუჭირა ჟურნალისტებს და ხოდაჩს გადადგომისკენ მოუწოდა.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა მილოშ ზემანმა პარლამენტში გამოსვლისას გაკვირვება გამოხატა პრეზიდენტის პოზიციის გამო: ”თუკი ვინმე, თუნდაც სახელმწიფოს მეთაური, კანონის დარღვევისკენ მოუწოდებს, ის პოლიტიკიდან უნდა წავიდეს,” – თქვა ზემანმა. პრეზიდენტმა ჰაველმა პასუხად განაცხადა, რომ ”შესაძლოა, ხოდაჩის დანიშნვა კანონიერი იყო, მაგრამ თვით სამართლიანობის არსს ეწინააღმდეგებოდა.”

თავის საახალწლო მიმართვაში პრეზიდენტმა ჰაველმა აღნიშნა, რომ მას ეამაყება, რომ ”ჩეხეთში არაა სენსაციაზე მონადირე ყვითელი ან მაამებლური ჟურნალისტიკა, სამაგიეროდ არიან ჟურნალისტები, რომლებიც შესაძლო საფრთხეების მიუხედავად, თავისუფლად და მიუკერძოებლად აშუქებენ პოლიტიკის ბნელ კუნჭულებს”.

საბოლოო ჯამში, სამართლიანობის არსსა და კანონის მუხლებს შორის დაპირისპირება სამართლიანობის სასარგებლოდ გადაწყდა: თავისი დანიშნვიდან თითქმის ერთი თვის თავზე, 2001 წლის 11 იანვარს ჟირი ხოდაჩმა საბჭოს გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადებით მიმართა. ხოლო ორი დღის შემდეგ ჩეხეთის სენატმა საზოგადოებრივი ტელევიზიის სამაუწყებლო საბჭოც დაითხოვა.

No comments :

Post a Comment