მამა არხზე მამამზე სერიალი დაიწყო...




სერიალებს ბავშვობიდან ვერ ვიტან მაგრამ არის გამონაკლისები მაგალითად „ექიმი ჰაუსი“, ყოველგვარი ირონიისა და ტყლარჯვი შესავლების გარეშე ჰიუ ლორის ნამდვილი სიფათი... სულ არაობას იყოს პოსტია...
ბრიტანულ სერიალ "ექიმი ჰაუსის" პოპულარობა მთავარი როლის შემსრულებელმა ჰიუ ლორიმ განაპირობა. როდესაც სერიალის ავტორმა და რეჟისორმა ის პირველად დაინახა, ხმამაღლა განაცხადა, რომ მხოლოდ ეს ადამიანი თუ შეძლებდა ჰაუსის განსახიერებას. თქვა, როლს ან ის ითამაშებს, ან საერთოდ არ გადავიღებ სერიალსო. ასე რომ, ფსონი ჰიუზე გააკეთეს და არც შემცდარან.

ბრიტანული გამოკითხვებით, ექიმი ჰაუსი ყველაზე სექსუალურ ექიმად აღიარეს სამედიცინო ტიპის სერიალებში. "დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ექიმი ჰაუსი მიმზიდველი მამაკაცია. მასში არის რაღაც ბაირონისეული. ჩემი გმირი ბაირონივით ნაიარევი და მარტოხელა გენიოსია", – აცხადებს მსახიობი ჰიუ ლორი, რომელიც თითო სერიაში 200.000 დოლარს იღებს.

იგი თვლის, რომ მისი პერსონაჟი განსაკუთრებული ადამიანია. "ექიმი ჰაუსი ბინძური სულის ადამიანია, უხეშია და სხვისი აზრი არ ადარდებს. რეალურ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი რომ არსებობდეს, აუცილებლად ციხეში მოხვდებოდა. მომწონს, რომ ამ ადამიანში ორი პიროვნება ცხოვრობს. ერთი რვა წლის ბავშვია, მეორე კი ადამიანი, რომელიც დრაკონს ებრძვის", – ამბობს ლორი.

თავდაპირველად ლორი დარწმუნებული იყო, რომ სერიალი ჩავარდებოდა და პირველი ათი სერიის შემდეგ პროექტი არსებობას შეწყვეტდა.

"იმდენად ვიყავი სერიალის წარუმატებლობაში დარწმუნებული, რომ, როცა გადაღებების გამო სასტუმროში გავჩერდი, ბარგი არც კი ამოვალაგე", – აღიარა ჰიუმ. რეალობამ კი სხვა რამ აჩვენა – სერიალმა რეკორდები მოხსნა! ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ მსახიობს ბრიტანული იმპერიის საპატიო ორდენი გადასცა ამ როლის შესრულებისათვის.

ჰიუ ლორი 1959 წლის 11 ივნისს ოქსფორდში დაიბადა. განათლება პრესტიჟულ კერძო სკოლაში მიიღო, შემდეგ კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის განხრით. სწორედ უნივერსიტეტში სწავლისას დაინტერესდა სამოყვარულო თეატრით, სადაც მისი პარტნიორები იყვნენ ემა ტომპსონი და სტივენ ფრაი. ამ უკანასკნელთან ლორიმ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. სტივენთან ერთად უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაწერა კომედიური სპექტაკლის სცენარი და ერთობლივად დადგეს სცენაზე. ამ სპექტაკლის გამო ლორიმ და ფრაიმ თეატრალური ჯილდო და პერსპექტიული წინადადებები მიიღეს.

კინოსამყაროში ლორიმ სახელი გაითქვა, როგორც მუსიკალური კომედიის ჟანრის მსახიობმა. მოგვიანებით ჩამოაყალიბა თავისი როკჯგუფი და კონცერტებსაც მართავდა. 1996 წელს კი გამოუშვა რომანი, სახელწოდებით "იარაღით მოვაჭრე", რომელიც უმალ ბესტსელერად იქცა. 2004 წელს მსახიობმა რადიკალურად შეიცვალა იმიჯი, როდესაც სერიალში "ექიმი ჰაუსი" მუშაობას დათანხმდა. ამ სერიალმა მას "ოქროს გლობუსი" და ამერიკული პოპულარობა მოუტანა.

ტელესერიალის გარდა, კინომანებისათვის ლორი ნაცნობია ფილმებით: "გრძნობა და გონება", "101 დალმატინელი", "ადამიანი რკინის ნიღბით", "ფენიქსის გაფრენა" და "ყველაფერი შესაძლებელია, პატარავ!".

საინტერესო ფაქტები ჰიუ ლორის შესახებ

● ჰიუს მამა, უილიამ რენ მოლი, ნაოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონია.

● ჰიუ პროფესიონალი პიანისტია. ის ასევე კარგად უკრავს საქსოფონზე, აკუსტიკურ გიტარაზე და პირის გარმონზე.

● საათობით შეუძლია დაუკრას ახალორლეანური ჯაზი. "ცოლს ვაიძულებ, ჩემი ჯაზური კომპოზიციები იმღეროს, მაგრამ არაფერი გამომდის", – იხუმრა ერთ–ერთ ინტერვიუში მსახიობმა.

● 16 წლის ჰიუმ მამისგან პირველი საჩუქარი მიიღო – მოტოციკლეტი. ამავე წელს მან იყიდა პირველი გიტარა "იამაჰა". სერიალ "ექიმ ჰაუსში" აღებული პირველი ჰონორარით მსახიობმა გასული საუკუნის 70–იანი წლების კლასიკური მოდელის მოტოციკლეტი იყიდა, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მოტოციკლად ითვლება.

● ჰიუ დეპრესიისკენაა მიდრეკილი. ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე თვლიდა, რომ არავის სჭირდებოდა და არაფერს წარმოადგენდა. ახლაც ხანდახან თვლის, რომ არ არის ღირსი იმ პოპულარობის, რაც ჰაუსის როლმა მოუტანა. სერიალის გადასაღებ მოედანზე ხშირად ნახავთ იატაკზე მჯდომარეს, როცა საშინლად განიცდის, რომ უკეთესად ვერ ითამაშა ამა თუ იმ ეპიზოდში.

● 1989 წლიდან მსახიობი დაქორწინებულია თეატრის ადმინისტრატორ ჯო გრინზე. მათ სამი შვილი ჰყავთ, რომელთაგან ერთ–ერთმა ჰარი პოტერის როლზე კასტინგი გაიარა, მაგრამ ასაკის გამო როლი ვერ მიიღო.

ჰიუ ლორის გამონათქვამები

ოქროს გლობუსის ცერემონიალზე წარმოთქმული ფრაზა: "სიტყვები არ მყოფნის. როცა პოპულარული ხარ, ადამიანები ტყავიდან ძვრებიან, რათა უფასოდ მოგიტანონ ფეხსაცმელი, უფასოდ გავახშმონ რესტორანში, მაგრამ არავინ ზრუნავს, რომ უფასოდ დაგიწეროს სამადლობელი ტექსტი ამგვარი ცერემონიალისთვის. მოხარული ვიქნებოდი, თუ დოლჩე და გაბანა იზრუნებდნენ ჩემს ტექსტზე. მაშინ ნამდვილად მოდური ვიქნებოდი".

ახალ ჰობიზე: "ყოველ უქმედღეს რინგზე ვატარებ. კრივით სერიოზულად დავინტერესდი. კრივში ძალიან საინტერესო მომენტებს ვპოულობ. ის ჭადრაკის ფიზიკური რეალიზებაა, ოღონდ გაცილებით სწრაფ ტემპში".

ტვინის შესახებ: "არ მიყვარს 15 წუთზე მეტი ფიქრი, მერე თავი მტკივდება".

ასაკის შესახებ: "დიდი ხანია დავკარგე იმედი, რომ ოდესმე გავიზრდები. კარგა ხანია 10 წლის ასაკში გავიჭედე".

მუსიკაზე: "ფორტეპიანოსთან 5 წუთით ვჯდები და როცა საათს დავხედავ ხოლმე, აღმოვაჩენ, რომ 3 საათი გასულა".

ტყუილებზე: "არასოდეს ვატყუებ სხვებს. მხოლოდ საკუთარ თავს ვატყუებ".

წარმატებაზე: "არ ვეძებ ჩემი წარმატების მიზეზს, რადგან ვიცი, როცა ვიპოვი, მაშინვე დასრულდება ჩემი წარმატებულობაც".

ბედნიერების შესახებ: "როდესაც ბედნიერი ვარ, თავს კარგად ვერ ვგრძნობ. როცა საქმეები კარგად მიდის, შფოთვა მიპყრობს. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა მოწყენილობა მეუფლება".

ჭორებზე: "შემიძლია გავავრცელო ჭორი და უარვყო ის ერთ წინადადებაში, მაგალითად: მე ფეხმძიმედ არ ვარ".

საკუთარ თავზე: "ხანდახან
საკუთარ თავზე გული მერევა და მიკვირს, მაყურებელს იგივე რატომ არ ემართება".

No comments :

Post a Comment